"ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი კანონპროექტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკების მოხმარება ქვეყანაში მცირდება და ახლა აქცენტი სარეაბილიტაციო პროგრამებზე უნდა გაკეთდეს.
"ნარკოტიკები იყო და გარკვეულწილად ახლაც რჩება ჩვენი საზოგადოების სერიოზულ პრობლემად. თუმცა ამ მიმართულებით ჯანსაღი ტენდენციაა და მომხმარებელთა კლება უაღრესად დადებითი მოვლენაა. იმავდროულად კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, მიმართულია იმისკენ, რომ თანხები მიმართული იყოს სწორედ რომ რეაბილიტაციისკენ", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
როგორც ცნობილია, პარლამენტი კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიებსა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობის წესებს დააზუსტებს. ამის შესახებ ცვლილებები შედის "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა.
კანონპროექტით ხდება არსებულ ტერმინთა სრულყოფა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და უშუალოდ პრეკურსორების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის შემუშავება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ნარკოტიკული დახმარების პრინციპებსა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობის წესებს.
პროექტით დაზუსტებულია კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებათა სიები, მათი მავნებლობის, მავნედ გამოყენების, ნარკოტიკული თრობის ეფექტის იდენტურობის მიხედვით და ასევე, ქვეყანაში ზიანის მაღალი რისკის არსებული რეალობის გათვალისწინებით. კონკრეტულ სიებში შეტანილ ნივთიერებებზე და საშუალებებზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები.
კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ვალდებულების აღებას. კერძოდ, სახელმწიფოს ვალდებულებას დააფინასოს ნარკომანიით დაავადებული პირის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა მოკვლევა, დიაგნოსტიკა, შემოწმება, მკურნალობა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში. კანონპროექტი იმ პირთა ფინანსურ ვალდებულებებს არ ითვალისწინებს, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონი.
კანონპროექტი, რომლის ავტორიც ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელია, პარლამენტში 2008 წელს არის ინიცირებული.