8 აპრილს, 19:45 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე "ოპერის მეგობართა საბჭოს" მხარდაჭერით გაიმართება გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ორმოქმედებიანი ოპერის "რადამისტოს" პრემიერა. სპექტაკლი 10 აპრილსაც იქნება წარმოდგენილი.
დამდგმელი დირიჟორია ჯანლუკა მარჩანო, დამდგმელი რეჟისორი და სცენოგრაფი _ გურამ მელივა. "რადამისტოს" ასრულებენ ოპერის თეატრის ორკესტრი და სოლისტები: თეა დემურიშვილი (რადამისტო), ირინე თაბორიძე (ზენობია), მარიკა მაჩიტიძე (პოლისენა), ანა ცარციძე (ტიგრანე), ზაალ ხელაია (ტირიდატე), ლეგი იმედაშვილი (ფარასმანე).
ოპერა "რადამისტო" გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ერთ-ერთი წარმატებული ოპერაა, რომელიც თვით კომპოზიტორის ცხოვრებაში რამდენჯერმე დაიდგა. პრემიერა შედგა ლონდონში 1720 წლის 27 აპრილს.
ჰენდელის "რადამისტო" (ადაპტირებული ვარიანტი სოლისტებისა და ჩემბალოსთვის) საქართველოში 2007 წელს თბილისის ოპერის თეატრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ძალისხმევით დაიდგა. დეკორაციების ნაცვლად წარმოდგენილი იყო საგანგებოდ ამ დღისთვის მუზეუმის საცავებიდან გამოტანილი იბერიის საგანძურის ნიმუშები.