"GIG TAXI"-მა კლიენტების მოზიდვის მიზნით ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მგზავრს გადაადგილება უკვე წინასწარ შეთანხმებული ტარიფით შეეძლება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "GIG TAXI" -ის აღმასრულებელმა დირექტორმა კოტე თოფურიამ განაცხადა, კერძო პირებისთვის "GIG TAXI"-მა ახალი სატარიფო გეგმა შეიმუშავა და თბილისში გადაადგილების მინიმალური ტარიფი 3 ლარი იქნება.
თოფურიას განმარტებით, საუბარია მეზობელ უბნებზე. კომპანიაში უკვე წინასწარ გაწერილია ტარიფები, რაიონებისა და უბნების მიხედვით და მეტი გამჭვირვალობის მიზნით, ოპერატორი კლიენტს წინასწარ ეუბნება მგზავრობის ტარიფს. თუმცა როგორც "GIG TAXI" -ის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, მგზავრს არჩევნის საშუალებაც ექნება, ანუ თავად მგზავრი გადაწყვეტს, იმგზავროს წინასწარ შეთანხმებული ტარიფით, თუ მგზავრობის ღირებულება გავლილი კილომეტრების მიხედვით გადაიხადოს.
"GIG TAXI"-ის ინფორმაციით, მეზობელ რაიონებში მგზავრობა (მაგალითად, საბურთალოდან ვაკეში წასვლა) 3 ლარი ეღირება, პლატოებზე კი ამ ტარიფს დამატებით 1 ლარი დაემატება. ცენტრიდან აეროპორტში მგზავრობა და პირიქით 15 ლარი ეღირება, გარეუბნებიდან აეროპორტის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი 20 ლარია. ცენტრალური უბნებიდან ლილოს მიმართულებით მგზავრობის ტარიფი 10 ლარითაა განსაზღვრული, ხოლო ფონიჭალა-საბურთალოს მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 8-10 ლარი იქნება, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფონიჭალაზეა საუბარი.
როგორც ცნობილია, "GIG TAXI"-ი საწვავად, ძირითადად, აირს იყენებს, რაც მენეჯმენტს საშუალებას აძლევს, ხარჯი 50 %-ით შეამციროს. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, სწორედ ამ გზით კომპანია ახერხებს, ბაზარზე მომსახურეობის საფასური შედარებით დაბალი ტარიფით შეინარჩუნოს. ტაქსოპარკს აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი, სადაც ტაქსები გადიან სავალდებული ტექნიკურ დათვალიერებას, ეს კი უზრუნველყოფს მგზავრის უსაფრთხო გადაადგილებას.
ამ დროისთვის "GIG TAXI"-ი მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია ბაზარზე წილს გაზრდის, რეგიონებში სერვისცენტრების გახსნაზედაც იმსჯელებს.
"GIG TAXI"-ს აქვს ექსკლუზიური უფლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, რომლის მიხედვითაც, მგზავრებისა და თავად კომპანია "ტავის" გადაადგილებაზე უშუალოდ "GIG TAXI"-ი ზრუნავს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპანია კლიენტებს მოსახერხებელ გადაადგილებას სთავაზობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და საქართველოს ნებისმიერ რეგიონს შორის. მგზავრებს საშუალება აქვთ, წინასწარ შეუკვეთონ აეროპორტში დახვედრა (ჩამოსვლის, გამგზავრებისას).
შეგახსენებთ, რომ კომპანია "GIG TAXI"-ი არის ტაქსებით მომსახურების წამყვანი კომპანიის, "ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI"-ის ნაწილი. "GIG TAXI"-ი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა 2007 წელს, როდესაც განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტაქსებით მომსახურების სექტორში. კომპანიამ თბილისში მოღვაწეობა 2007 წლის სექტემბერში 100 ავტომანქანით დაიწყო. მოგვიანებით კომპანიამ შემოიყვანა დაახლოებით 330 მანქანა საქართველოში. 2009 წლის მარტში "GIG TAXI"-ს მიენიჭა "ხარისხის ნიშანი".