რეზო საყევარიშვილის "ფორბს ჯორჯიას" მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების" განცხადებას ავრცელებს.
"როგორც ცნობილია, „ფორბს ჯორჯიას" მთავარმა რედაქტორმა რეზო საყევარიშვილმა დატოვა აღნიშნული თანამდებობა ჟურნალის სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეშად ჩარევის, ცენზურისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობის პრინციპების დარღვევის გამო. როგორც თავად ჟურნალისტი აცხადებს, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა ყველაზე მკაცრად შეეხო ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს, რომელიც მან ჟურნალისთვის მოამზადა. ჟურნალისტი იმ ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე საუბრობს, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბრენდი ერთი საუკუნეა ამკვიდრებს. ამ ტიპის სკანდალი „ფორბსს" მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ჰქონია.
„ფორბს ჯორჯიას" გამომცემლობამ გაავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კონფლიქტს სხვა მიზეზი აქვს და რომ საყევარიშვილი თავად გამომცემლობამ გაათავისუფლა ზემოაღნიშნულ ინტერვიუში დასმული კითხვების (!) პლაგიატის გამო, რასაც არაფერი აქვს საერთო სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასთან. გამომცემლობის ეს განცხადება არის სრულიად არაკომპეტენტური და საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობას წარმოადგენს. ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული გამომცემლის მოქმედების ნამდვილი მიზეზი ცნობილია - კიდევ ერთხელ დაიბლოკოს ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი აქტიურობა.
ხელისუფლების მხრიდან ცენზურა და თავისუფალ მედიაში ჩარევა ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივ ამბად იქცა, თუმცა ამჯერად მისი ხელი მსოფლიოს ბრენდის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოცემასაც გადასწვდა.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება" მხარდაჭერას უცხადებს რევაზ საყევარიშვილს და ყველა ჟურნალისტს, ვისთვისაც ძვირფასია დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია და აცხადებს, რომ თავს შეიკავებს აღნიშნულ გამოცემასთან ურთიერთობისაგან მანამ, სანამ საზოგადოებას ეჭვი ექნება ამ ჟურნალის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.