შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 29 მარტს პარლამენტში სამთავრობო საათზე ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
ოპოზიციურმა ფრაქციამ სამთავრობო საათზე 2 მინისტრის - ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მისვლა მოითხოვა. დავით ბაქრაძის განმარტებით, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი 28-30 მარტს უკრაინაში მიდის ოფიციალური ვიზიტით და ამდენად, ის სამთავრობო საათზე ვერ გამოცხადდება.
„ვანო მერაბიშვილი მზად არის პარლამენეტში გამოცხადდეს და დასმულ შეკითხვეს უპასუხოს", - განაცხადა ბაქრაძემ.
შს და იუსტიციის მინისტრებთან ოპოზიციურ ფრაქციას 10 შეკითხვა აქვს. კერძოდ, ეს შეეხება პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საქმიანობას, სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებას და ჟურნალისტ სოფო ნიკოლეიშვილის დაკავებას.