საპარლამენტო უმრავლესობას ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. განცხადება ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ კვლევის თანახმად კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას? - 47 % "ნაციონალური მოძრაობა" დაასახელა. "ქართული ოცნება" - 10 %, ხოლო "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 3 %.
კითხვაზე - ახორციელებს თუ არა სასიკეთო ცვლილებებს სახელისუფლებო გუნდი? - გამოკითხულთა უდიდესმა ნაწილმა დადებითი პასუხი გასცა.
"ნაციონალები" ასევე ამბობენ, რომ მათი მოძრაობა სხვა რეიტინგებშიც ლიდერობს, თუმცა, რეიტინგებზე უფრო მნიშვნელოვნად იმ გარემოებას ასახელებენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობის პრობლემებს სწორად ხედავს.
"როგორც ყველა შეხვედრაზე ხალხთან, ამ კვლევიდანაც ჩანს, რომ უმთავრესი პრობლემები ქვეყანაში ჯრე კიდევ არის უმუშევრობა, ხელმისაწვდობი ჯანდაცვა და ჩვენი პოლიტიკა არის ორენტირებული ამ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაზღვეული, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სოციალურად დაცული და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.
ხოლო რაც შეეხება მაღალ რეიტინგს და იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ხედავენ ჩვენი მოქალაქეები პირველ რიგში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს - ეს ჩვენ კიდევ დამატებით პასუხისმგებლობას გვაკისრებს",_ აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოკა გაბაშვილი.