ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, რუსული მხარის ასეთი მიდგომა "ქართული ოცნების" დასუსტებას ისახავს მიზნად.
„ეს დამოკიდებულება არის ძალიან არათანმიმდევრული, ამოვარდნილია ყველანაირი ლოგიკიდან - არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ ამბობ, რომ უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა, უნდა დასუსტდეს "ქართული ოცნება" და უნდა მიეცეს დამატებითი ჟანგბადი აგენტურულ ოპოზიციას, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არათანმიმდევრული მიდგომები გადაიხედება და პასუხები იქნება გაცემული," - განმარტა მაჭავარიანმა. [ipn]