სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე პრეზიდენტის გამოსვლას დადებითად აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გირგოლ ვაშაძე. მისი თქმით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია და გადაიქცა ნარკოტიკებისა და ბირთვული მასალების უკანონო მარშრუტად".
"საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ის კანონები, რომლითაც ჩვენ ფაქტიურად შევასრულეთ ყველა ის ვალდებულებები რაც ვაშინგტონის სამიტზე ჩვენს თავზე ავიღეთ. პრეზიდენტმა რა თქმა უნდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 20 % ჩვენი ტერიტორიის ოკუპირებულია და რომ სამწუხაროდ ეს ჩვენი ტერიტორიები გადაიქცა არა მხოლოდ იმ ადგილად სადაც ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, არამედ გადაიქცა ნარკოტიკებისა და ბირთვული მასალების უკანონო მარშრუტად", _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ყველაზე ფართომასშტაბიანია მსოფლიოში. სამხრეთ კორეის დედაქალაქში 53 ქვეყნის ლიდერი, მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან. სამიტის მუშობაში მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების, უნგრეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის პრეზიდენტები; ავსტრალიის, კანადის, ბელგიის, ჩეხეთის, იაპონიის, დანიის პრემიერ-მინისტრები, იორდანიის მეფე და სხვები.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად სეულში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თვდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური არიან.
ბირთვული უსაფრთხოების პირველი სამიტი ვაშინგტონში 2010 წლის აპრილში გაიმართა.