საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის განცხადებით, უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო 2011 წლის შედეგებზე 27 მარტს იმსჯელებს. ამის შესახებ მან პარლამენტის 20 მარტს, რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საბჭოს ანგარიშები არა მხოლოდ მთავრობასა და პრეზიდენტს ეგზავნება, არამედ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზედაც თავსდება.
"2010 წლის შედეგები, იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. 27 მარტს კი ის 2011 წლის შედეგებზე იმსჯელებს", - აღნიშნა გილაურმა. მისი თქმით, ელექტრონული შესყიდვების პროგრამა მთავრობამ სწორედ ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციით განახორციელა, რითიც მნიშვნელოვანი თანხა დაიზოგა.
ლორთქიფანიძე ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშების წარდგენის საკითხით დაინტერესდა. მან პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, არის თუ არა მთავრობის წინაშე წარდგენილი უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშები. მისი თქმით, საბჭომ, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობს, მთავრობისა და პრეზიდენტის წინაშე საქმიანობის ანგარიში ყოველწლიურად უნდა წარადგინოს.