საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთს განვითარების შანსი არა აქვს. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
,,ე.წ. სამხრეთ ოსეთში კლანებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს და არანაირ არჩევნებზე საუბარი არ შეიძლება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საიდანაც მოსახლეობა გამოდევნილია, არანაირი არჩევნები ლეგიტიმური არ შეიძლება იყოს. საერთოდ, სანამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხდება, ამ რეგიონს განვითარების შანსი არა აქვს", -აღნიშნა დეპუტატმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ბიულეტენების 40%-ის დამუშავების შემდეგ ხმათა 41,94%-ით ლეონიდ თიბილოვი ლიდერობს. მეორე ადგილზეა 25,36%-ით დავით სანაკოევი. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 50%-ს პლუს ერთი ხმა სჭირდებოდა.