ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ე.წ. მინისტრი ანატოლი ბიბილოვი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი კვაისას რაიონში, რუსეთის ფედერაცია რადიოაქტიური ნივთიერებების სამარხის გაკეთებას აპირებს.
"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება, მეტიც: მსგავსი არაფერი არასოდეს არც დაგეგმილა და არც განხილულა სამხრეთ ოსეთის მთავრობაში. ამ მოარულ ხმებს არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ჩვენი რესპუბლიკის ფართობი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამგვარი მასშტაბის სამარხი შექმნა. მით უმეტეს, რომ ეს ძალიან ძვირია და ამგვარი ადგილების მოსაწყობად მილიონები და მილიარდებია საჭირო. დასკვნა ერთია: სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეუძლებელია ნარჩენებისთვის პოლიგონის აშენება, მით უფრო ბირთვული ნარჩენებისთვის",_ აცხადებს ბიბილოვი. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.