საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის" დაფინანსებისა და სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდა.
საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა - ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, ხოლო მსოფლიო ბანკის მხრეს, ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ასად ალამი წარმოადგენა. ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებს გრძელვადიანი შეღავათიანი პირობებით ფინანსური რესურსის გამოყოფას 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
"ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარია დახარჯული ქვეყნის რეგიონების განვითარებისთვის. დღეს ხელი მოვაწერეთ სასესხო ხელშეკრულებას მსოფლიო ბანკთან, რომლის ფარგლებში მივიღებთ იაფ და ხანგრძლივ რესურსს 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება მთელი ქვეყნის მასშატბით მეორადი და ადგილობრივი გზების ინფრასტრუქტურის. პროექტი უკავშირდება რეგიონების განვითარებას უკავშირდება სოფლის განვითარებას, იმ ძირითად პრიორიტეტს რომელიც გვაქვს და ესაა ტურიზმის განვიტარება, ასევე ქვეყანაში ზრდადი ეკონომიკური დინამიკის შენარჩუნებას"- აღნიშნა დიმიტრი გვინდაძემ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 225 კმ საერთო სიგრძის შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციას და კახეთის რეგიონალური საგზაო ქსელის მოვლა-შენახვას და რეაბილიტაციას. აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურის ბენეფიციარი 100 000-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეა, რომელიც საქართველოს რეგიონებში, სარეაბილიტაციო გზების მიმდებარედ ცხოვრობს. პროექტის განხორციელებას კოორდინაციას და მონიტორინგს გაუწევს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
დიმიტრი გვინდაძის უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ამოქმედება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და სტაბილური განვითარებისთვის, რადგან ის ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების სწრაფ განვითარებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. გზების რეაბილიტაციის შედეგად, შემცირდება მგზავრობის დრო და სატრანსპორტო ხარჯები, გაუმჯობესდება მგზავრობის ხარისხი, გაადვილდება სოფლებსა და რაიონულ ცენტრებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა. ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე ეკონომიკის სხვა სექტორების წახალისებას როგორც მშენებლობის მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ.
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ბოლო წლებში დაგროვდა თანამშრომლობის კარგი გამოცდილება ინფრასტრუქტურული, მათ შორის, საგზაო, მუნიციპალური, ურბანული და რეგიონული განვითარების პროექტების წარმატებით განხორციელების კუთხით. შეთანხმებულია სტრატეგიული პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის ირგვლივ გაგრძელდება მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა შემდგომი წლების განმავლობაში.
აღსანიშავია, რომ აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე მიმდინარე წლის აპრილ-მაისიდან დაიწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის მიმდინარეობისას 5 000-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.
შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი მსოფლიო ბანკთან შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტების გაგრძელებაა. პირველი პროექტის ფარგლებში (ჯამში 90 მილიონი აშშ დოლარი) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა დაახლოებით 700 კმ შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გზას.