დღეს, 22 მარტს, 14:00 საათზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე გორის რაიონის სოფელ სვენეთს ეწვევიან, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის ახალ ინიციატივას სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-გან გათავისუფლების შესახებ პირადად გააცნობენ.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებით, ქართული პროდუქციის ხელმისაწვდომობა გაიზრდება და იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება მოხდება. ამ დრომდე მეწარმე ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციისთვის 18%-იან დღგ-ს იხდიდა, ამას დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემებიც ემატებოდა, რაც იმპორტირებულ პროდუქციას უფრო მომგებიანს ხდიდა. ამ ცვლილებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების მატების ტენდენცია შეჩერდება. ზოგ შემთხვევაში კი - შეამცირდება.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) დღგ-ისგან თავისუფლდება. დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება ასევე ქვეყანაში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი, ან გაციებული ხორცის მიწოდება.