მალაიზიაში დაკავებული ქალბატონების დასახმარებლად საქართველოში სპეციალური კომისია შეიქნება, რომელიც შემდგომ უკვე მალაიზიაში გაემგზავრება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ტარადიციულ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"მალაიზიაში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით გვაქვს ის ინფორმაცია, რასაც მალაიზიური მხარე და დაკავებულთა ადვოკატები გვაწვდიან. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართულები ვიყოთ პროცესში და ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს, დაკავებულებს როგორც მინიმუმ, უმაღლესი სასჯელი ავარიდოთ, თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია, გადაწყვეტილება მთლიანად მალაიზიურ სასამართლოზეა, რომელიც მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მკაცრი დამოკიდებულებითაა ცნობილი",_ აღნიშნა კალანდაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურორის წარმომადგენელთა მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი მალაიზიაში ერთხელ უკვე იმყოფებოდა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ჯგუფი კვლავ წარვგზავნოთ კონსულტაციების საწარმოებლად, თუმცა, ჩვენი პოზიციაა, ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ", -განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში 2010 წლის ოქტომბერში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი კანონებით, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.