საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "რუსეთში ჯავახკის დიასპორის" ლიდერის განცხადებას ეხმიანება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტი რუსეთის ინტერესებში შედის.
"ცალკეული პირების გამონათქვამებზე ძალიან გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. თუმცა რაც შეეხება ინფორმაციას თუ ვფლობ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ძალიან კარგად ვფლობ", - განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ.
ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს მეგობრული ურთიეერთობები აქვს როგორც, სომხეთთან, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებთან.
,,ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან გვაქვს, კეთილმეგობრული და კარგი ურთიერთობა, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური უმცირესობის ჯგუფების მიმართაც მათ შორის, სომხური წარმომადგენლების ჯგუფებთან",_ განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა გამოცემამ "ნოვიე ხრონიკიმ" გამოაქვეყნა სტატია - "საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა, კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდეს". კერძოდ, გაზეთს "რუსეთში ჯავახკის დიასპორის" ხელმძღვანელმა აგასი არაბიანმა განუცხადა - "თუ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდა, ის თურქეთის მოკავშირე გახდება, რაც ეწინააღმდეგება სომხეთის ეროვნულ ინტერესებს". "ნოვიე ხრონიკი" წერს, რომ თუ საქართველო ნატო-ში შევა, შესაძლოა, "ჯავახკის რეგიონმა საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვოს".