პოლიტიკური მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ ვიდრე საქართველოში სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობა არ დასრულდება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობა ეფექტური ვერ იქნება. ამის შესახებ ნოღაიდელმა მოძრაობის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე (თემა: "საქართველო ხვალ - ადგილობრივი თვითმმართველობა)" განაცხადა.
კონფერენციის მონაწილე ექსპერტები და პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის როლი დღეს დაკნინებულია. კონფერენციის მონაწილეთა აზრით, თვითმმართველობის უსუსურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მკაფიოდ არ არის გამიჯნული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციები. კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ფინანსური ბერკეტები არ გააჩნია.
პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებით, 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიახლოებული იყო თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან, მაგრამ შემდგომში კანონმდებლობაში იმდენი ცვლილება შევიდა, რომ წინსვლის ნაცვლად, ქვეყანამ ამ სფეროში უკან დაიხია.
ექსპერტი სანდრო სვანიშვილი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, თვითმმართველობები პირდაპირი გზით იქნებიან არჩეულნი თუ არაპირდაპირით, არამედ იმას, თუ რა ფუნქციები ექნებათ მათ.
"1998 წელს, ყველა მერი, თბილისის და ფოთის გარდა, პირდაპირი გზით ავირჩიეთ. თანაც ბევრგან მაშინდელმა ოპოზიციურმა ძალებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ამით ვითარება არსებითად არ შეცვლილა. მაშინ მერები პირდაპირი გზით კი ავირჩიეთ, მაგრამ მათ დაფინანსება არ მივეცით და ამით, ფაქტობრივად, უფუნქციოდ დავტოვეთ", _ აცხადებს სვანიშვილი.
თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი მანანა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, ყველა ის ფუნქცია, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა ჰქონოდა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიისაკუთრა და მთელი ძალაუფლება ერთ ადამიანს გადააბარა.
ამასთან დაკავშირებით, ნოღაიდელი განმარტავს, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ზოგიერთი ფუნქცია ცენტრმა მართლაც "წამოიღო უკან", თუმცა, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.
"მაშინ ზოგიერთმა გამგებელმა თავი ყოვლისშემძლედ წარმოიდგინა და აქეთ დაგვიწყო ჭკუის სწავლება, ნაცვლად იმისა, რომ თავისი საქმე ეკეთებინა და კანონით განსაზღვრული ფუნქცია შეესრულებენა", _ აღნიშნავს ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია იმისა, რომ სახელისუფლებო დონეებს შორის შერეული კომპეტენცია არსებობდეს.
"ისე ვერ იქნება, რომ ესა თუ ის ობიექტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში იყოს, მაგრამ მისი ფუნქციონირებისთვის ფული ცენტრალურმა ხელისუფლებამ იხადოს", _ აცხადებს ნოღაიდელი.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მხოლოდ ცალკეული დაბების ან სოფლების განვითარებაზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ იმაზე იზრუნოს, თუ როგორ განვითარდეს შესაბამისი დარგი (მაგალითად, სოფლის მეურნეობა) და ამით სოფლებსაც და დაბებსაც ეშველება.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო მოწყობის საფუძველი სწორედ თვითთმართველი ერთეული უნდა იყოს.
"როდესაც სახელისუფლებო კრიზისია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მუშაობას აგრძელებენ და ამით ღრმა პოლიტიკურ რყევებს თავიდან გვაშორებენ", _ აცხადებენ ექსპერტები.