აზერბაიჯანული სპორტული პორტალი apasport.az ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ერთად უკვე სხვა ქვეყნებიც აფიქსირებენ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობის სურვილს.
ამასთან ერთად, აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ ინიციატივების უმეტესობას, არა ორი, არამედ ერთობლივად სამი სახელმწიფოს გაერთიანებაც აყენებს. მაგალითად: ბოსნია და ჰერცოგოვინა-ხორვატია-სერბეთი და გაერთიანებული სამეფოების შემადგენლობაში შემავალი ირლანდია-შოტლანდია-უელსი.
საქართველოსა და აზერბაიჯანის მსგავსად საერთო განაცხადების დაფიქსირებისთვის მზადაა რუმინეთი-ბულგარეთის და ჩეხეთი-სლოვაკეთის კოალიციებიც, თუმცა აზერბაიჯანული გამოცემის აზრით, ევრო2020-ის ჩატარების ყველაზე რეალურ პრეტენდენტებად მაინც თურქეთი, ჰოლანდია და ბელგია რჩებიან.
მეორე აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა azerisport.com წერს, რომ ინიციატივა საქართველოსთან ერთად ევრო 2020-ის მასპინძლობის შესახებ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის პრეზიდენტს - როვნაგ აბდულაევს ეკუთვნის და ეს საკითხი 6 მარტს, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ბაქოში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე შეათანხმეს.