"პუტინი ჩვენი პრეზიდენტი არ არის!" - ეს რუსეთის ოპოზიციის ახალი ლოზუნგია. სწორედ ეს ლოზუნგი დაემატება ოპოზიციის ძირითად მოთხოვნებსა და ლოზუნგებს 10 მარტს ახალ არბატზე გამართულ მიტინგზე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოპოზიციის მიტინგზე პირველად სიტყვას არჩევნებზე მყოფ დამკვირვებლებს მისცემენ. რუსეთის ოპოზოციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის სერგეი უდალცოვის განცხადებით, მიტინგზე ასევე დამონტაჟებული იქნება დიდი ვიდეოეკრანები რომლებზედაც ნაჩვენები იქნება სიუჟეტები 4 მარტს ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარი დარღვევების შესახებ.
"მოვიწვევთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დამკვირვებლებად მუშაობდნენ. სიტყვით ასევე გამოვლენ მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები - ლიბერალები, მემარცხენეები, პატრიოტები და ამომრჩეველთა ლიგის წარმომადგენლები", _ აცხადებს ოპოზიციონერი.
მისი თქმით, მიტინგის ძირითადი ლოზუნგები იქნება: "სამართლიანი არჩევნებისთვის", სამართლიანი ხელისუფლებისთვის" და "პუტინი ჩვენი პრეზიდენტი არ არის".