"ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტება სავსებით მოსალოდნელი იყო. ოპოზიციამ არჩევნები თაღლითთან და დამნაშავესთან წააგო", _ აცხადებს ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი უკრაინული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი დამნაშავე არის იმის გამო, რომ მესამე ვადით იყარა კენჭი. მას ამისი უფლება კონსტიტუციის მიხედვით არ ჰქონდა.
"ხოლო თაღლითი კი იმიტომაა, რომ მან არჩევნები თავის სასარგებლოდ გააყალბა. ეს რათქმაუნდა ასე არ არის. ოპოზიცია არასწორად მოიქცა. არ შეიძლებოდა ლოზუნგ "სამართლიანი არჩევნებისათვის" დაყენება, იმიტომ, რომ ეს არ იყო არჩევნები ეს კრემლის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო", _ აცხადებს ბორის ბერეზოვსკი.
იგი აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა უპასუხოს ხელისუფლების ძალადობას, რომელმაც "საზოგადოება გააუპატიურა".
"ბანდიტურ რეჟიმს არ გააჩნია საშუალება ხელისუფლება დემოკრატიული გზით აიღოს ხელში. სწორედ ამაშია ოპოზიციის მთავარი შეცდომა. რუბიკონი გადალახულია. ის ოპერაცია, რომელიც მათ 4 მარტს მოაწყვეს ეს ძალადობაა საზოგადოებაზე და საზოგადოებასაც თავის მხრივ არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ ამ ძალადობას უპასუხოს", _ აღნიშნავს ბერეზოვსკი და დასძენს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიხედვით, საზოგადოებას აქვს ამბოხების უფლება იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება კანონს არღვევს.
"ხელისუფლებამ დაარღვია კანონი ამიტომაც საზოგადოებას აქვს თავისი ინტერესებს დაცვის უფლება ძალოვანი მეთოდებით", _ აცხადებს ოლიგარქი.
მისივე მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის რეალური რეიტინგი რუსეთში 31 % იანი მხარდაჭერაა - ყველაფერი სხვა დანარჩენი - ფალსიფიკაციაა.
ამას გარდა, ინტერვიუში ბორის ბერეზოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში რევოლუციას ამზადებს.
"მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს დემოკრატიულ ინსტიტუტებს რუსეთში. ამისათვის მე ძალიან ბევრი ფული დავხარჯე. ვაგრძელებ ოპოზიციის მხარდაჭერას და ამაზე ღაიდ ვსაუბრობდი ჯერ კიდევ 2007 წელს და ვამბობდი, რომ მე რუსეთში რევოლუციას ვამზადებ. ეს დაიბეჭდა კიდევ რუსულ და დასავლურ პრესაში. ამის გამო, რუსეთის პროკურატურამ საქმეც აღძრა და რუსეთში ჩემი ექსტრადაციისათვის ორდერიც გამოაგზავნა", _ აცხადებს ბერეზოვსკი.
მისივე აზრით, მშვიდობიანი რევოლუცია რუსეთში უკვე აღარ იქნება. ამავე დროს არ იქნება არავითარი სამოქალაქო ომი. იმიტომ რომ, სამოქალაქო ომი ეს ადამიანების უზარმაზარი მასების დაპირისპირებაა. რუსეთში კი არსებობს პუტინი მისი რამდენიმე მომხრე და ხალხი.
"რუსეთში არსებობს პუტინი და მისი 10-15 მომხრე - სეჩინი, პატრუშევი, უსტინოვი, ერთი ივანოვი სერგეი და მეორე ივანოვი ვიქტორი - სულ ესაა პუტინის მომხრეები. მათ გარდა, მოედანზე პუტინის დასაცავად არც ერთი ადამიანი არ გამოვა. აი მის წინააღმდეგ კი თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ ასობით ათასი ადამიანი გამოვა, მილიონობით თუ არა", _ აცხადებს ბერეზოვსკი და ინტერვიუს ბოლოს აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია არ გაიმართება.
"ახლა ვამბობ, რომ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია არ გაიმართოს, იმიტომ, რომ მას ფეხებით წინ კრემლიდან 9 მაისამდე გამოიტანენ", _ აცხადებს ბორის ბერეზოვსკი.