ვანუატუში 7,1 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. წყნარი ოკეანის ცუნამის წინასწარმეტყველების ცენტრის შეფასებით ამ დროისათვის ვანუატუსათვის ცუნამის საფრთხე არ არსებობს, თუმცა არსებობს საშიშროება ლოკალური დამანგრეველი ტალღების წარმოქმნის შესახებ.
მათივე ინფორმაციით, ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე სახელმწიფო ვანუატუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი კვლავ გაურკვეველია. ვანუატუმ რომლის მოსახლეობა 235 ათას ადამიანს შეადგენს, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა ერთხელ უკვე აღიარა, თუმცა მერე გააუქმა. აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებში ვანუატუს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნიპაკე ედვარდ ნაპატეიმ მიიღო. ამჟამად კი ვანუატუს მთავრობის სათავეში კატო კილმანი დაბრუნდა, რომელიც ადრე აცხადებდა, რომ სოხუმის ე.წ. სუვერენიტეტს აღიარებდა. ვანუატუმ პირველად სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს აღიარა. ივნისის შუა რიცხვებში კი ვანუატუში ხელისუფლება შეიცვალა და დროებითმა პრემიერმა ედვარდ ნაპატეიმ განაცხადა, რომ ვანუატი აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას აუქმებს. ამ განცხადებიდან 10 დღის შემდეგ ვანუატუს პარლამენტმა მთავრობის თავმჯდომარედ კვლავ კატო კილმანი აირჩია.