აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიში აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებს, საქართველოს ტერიტორილ მთლიანობა, არა მარტო საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის გაო მიაჩნია აუცილებლად, არამედ, საკუთარი და გლობალური უსაფრთხოებისთვისაც, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დავით დარჩიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როცა აშშ საუბრობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებულ ნაწილზე და იქ არსებულ კრიმინალზე.
"ცალსახაა, რომ განცხადება, რომელშიც გლობალური გავლენის მქონე სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებულ ნაწილზე საუბრობს და ამავე დროს საუბრობს იქ კრიმინალზე - ნარკოტრაფიკის კვანძთა თუ კერთა დიდ ალბათობაზე, აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არა მარტო საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის გამო მიაჩნია აუცილებლად, არამედ, საკუთარი და გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკას ცვლის უფრო რაციონალური, პრინიცპული პოლიტიკით, რასაც ზეწოლის ელემენტები აუცილებლად ექნება", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა გამახვილებული და ნათქვამია, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ვითარება უკონტროლოა, ქართველ სამართალდამცველებს კი იქ ვითარების გაკონტროლების საშუალებას რუსი ოკუპანტები არ აძლევენ.
"ბევრ დამკვირვებელს მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ნარკოტიკების კონტრაბანდის მთავარ კორიდორს წარმოადგენს. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში კვლავ ვერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება და არის მოსაზრება, რომ ნარკოტიკები ამ ტერიტორიების გავლით გადის. ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის საოკუპაციო ჯარები და ამ ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ან ძალიან მცირე ოდენობით, ან საერთოდ არ უცვლიან ინფორმაციას ნარკოტიკების გადატანის შესახებ,"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ანგარიშში. წლევანდელ ანგარიშში საქართველო ნარკოტიკის არამწარმოებელ ქვეყანადაა შეფასებული.