როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეტი ყურადღებაა საჭირო, -ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არაერთხელ უთქვამს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება ფულის გათეთრება, ნარკოტრაფიკი და იარაღით უკანაონო ვაჭრობა.
"ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს არის კრემლის საბჭოთა პოლიტიკის გაგრძელება. ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება ფულის გათეთრება, ნატკოტრაფიკი, ხდება იარაღის უკანაონო ვაჭრობა. ამიტომ როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეტი ყურადღებაა საჭირო", - განაცხადა მალაშხიამ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა გამახვილებული და ნათქვამია, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ვითარება უკონტროლოა, ქართველ სამართალდამცველებს კი იქ ვითარების გაკონტროლების საშუალებას რუსი ოკუპანტები არ აძლევენ.
"ბევრ დამკვირვებელს მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ნარკოტიკების კონტრაბანდის მთავარ კორიდორს წარმოადგენს. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში კვლავ ვერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება და არის მოსაზრება, რომ ნარკოტიკები ამ ტერიტორიების გავლით გადის. ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის საოკუპაციო ჯარები და ამ ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ან ძალიან მცირე ოდენობით, ან საერთოდ არ უცვლიან ინფორმაციას ნარკოტიკების გადატანის შესახებ,"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ანგარიშში. წლევანდელ ანგარიშში საქართველო ნარკოტიკის არამწარმოებელ ქვეყანადაა შეფასებული.