"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მის მიმართ გაკეთებული გუშინდელი განცხადება ძალიან სუბიექტურია. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შესაძლოა, "ქართულ ოცნებაში" არის პრობლემები, რომლის გადაბრალებასაც ორგანიზაციის გარეთ მყოფ ადამიანებზე ცდილობენ.
"ამასწინათ ვთქვი, რომ კიდევ კარგი არა ვარ "ქართულ ოცნებაში", თორემ რამე პრობლემა რომ გაჩნდეს ამ ორგანიზაციაში, როგორც ყველაფერი საქართველოში ესეც ბურჯანაძეს დაჰბრალდება-მეთქი. არ არის გამორიცხული, ესეც იყოს საბაბი. ივანიშვილმა ძალიან სუბიექტური შეფასება გააკეთა. ვინმე შეიძლება "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევს, რომ ვუშლი მას ხელს. შეიძლება "სახალხო კრებაში" ან "დემოკრატიულ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებას "ქართული ოცნების" სუბიექტები უშლიან ხელს. არავის უნდა ჰქონდეს იმის პრეზენტაცია, რომ ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია მისგან მოდის. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ მონოპოლიზაცია მოახდინოს ოპოზიციის. ჩვენ გვაქვს სამწუხარო პრეცედენტი ხელისუფლების მონოპოლიზაციის და ნამდვილად არ გვჭირდება ოპოზიციის მონოპოლიზაცია. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რომელ პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ ძალას რა ადგილი უნდა ეჭიროს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიიღება არა რომელიმე პოლიტიკოსის ან ძალის მხრიდან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხალხის და საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება პირადი ამბიციებისთვის ბრძოლას, ბურჯანაძის თქმით, მან გააკეთა თავისი პარტიის სახელით განცხადება, რომ მზად არის იბრძოლოს მხოლოდ ხელისუფლების შესაცვლელად და პირადი ამბიციები გადადებული აქვს.
ბურჯანაძისვე თქმით, გუშინდელი შეხვედრის მიუხედავად, ის დარწმუნებულია, რომ სახალხო კრების არც ერთი წარმომადგენელი "ქართულ ოცნებაში" არ გადავა.
"საკუთარი ინტერესების გულისთვის იბრძვის ადამიანი პირველ რიგში, "მე"-დან და "ჩემი"-დან მოდის ყველაფერი, მაგრამ ნიჭიერმა ადამიანმა კონკრეტულ სიტუაციაში უნდა მოახერხოს და გააკეთოს სწორი პრიორიტეტები, არ უნდა დარჩე პატარა ბავშვივით - "ჩემი" და "მე". აი, ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს. არ არის აუცილებელი, მიიღო მონაწილეობა, თუ შენ შენი მონაწილეობით კი არ ეხმარები, აზიანებ. ასეთ შემთხვევაში, უნდა დაიჭირო ისეთი პოზიცია, რომ საერთო საქმეს თუ ვერ მოეხმარები, არ დააზიანო მაინც", - მიმართა სახალხო კრების წევრებს გუშინდელი შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა.