რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი "მემარცხენე ფრონტის" მეთაური სერგეი უდალცოვი აცხადებს, რომ მოსკოვის მერიამ და ოპოზიციამ 10 მარტს ახალ არბატზე ოპოზიციის მიტინგის ჩატარება შეათანმეს. მიტინგი 13:00 საათზე დაიწყება. მასზე ორგანიზატორები 50 ათას ადამიანის მისვლას ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი, რომელიც მოსკოვში რამდენიმე დღის წინ გამართულ მიტინგზე მოსულ ადამიანებს მოუწოდებდა არ დაშლილიყვნენ 10 მარტს გამართულ მიტინგზე ზუსტად ასევე მოიქცეს.
ამავე დროს არც თავად უდალცოვი არ გამორიცხავს, რომ თავად აქტივისტებმაც არ მოინდომონ დაშლა. ამასთან ერთად უდალცოვი ასევე აცხადებს,რომ 10 მარტის აქციაზე ადამიანების უფრო მეტ რაოდენობას ელის ვიდრე 5 მარტის მიტინგზე.
"ოპოზიციის მიტინგებზე ადამიანების რაოდენობის კლებაზე საუბარიც არ მიდის. 5 მარტის მიტინგზე განაცხადი 10 ათას ადამიანზე გვქონდა, თუმცა მეტი მოვიდა. ადამიანები უბრალოდ დაიღალნენ, ღამე მუშაობდნენ დამკვირვებლებად. 10 მარტის აქციაზე კი მეტი ადამიანი მოვა", _ აცხადებს უდალცოვი.
და ოპოზიციური მოძრაობის პერსპექტივებზე ამბობს: "იქნება ბევრი ადამიანი ქუჩაში - იქნება შედეგი. ეს უეჭველია. ჩვენი ლოზუნგები უკვე კარგა ხანია ფორმულირებულია: პოლიტრეფორმა და ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ლეგიტიმურად არ მივიჩნევთ არც დუმას და არც პრეზიდენტს. ხელისუფლების ცვლაა საჭირო. რამდენად მასობრივი იქნება პროტესტი იმდენად უფრო რეალური იქნება ამ მოთხოვნების რეალიზება. ჩვენ მშვიდობიანი პროტესტის ესკალაციას ვემხრობით", _ აცხადებს უდალცოვი.