მთავარი პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანია ახალ ეტაპზე გადავიდა - მასში თბილისის მერია ჩაერთო. დღეს სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ალტერნატიული სარეაბილიტაციო ცენტრის კონცეფცია განიხილეს.
ალტერნატიული სარეაბილიტაციო ცენტრი ქვეყნის ახალი ნარკოპოლიტიკის ნაწილია. მისი მიზანი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაცია და რესოციალიზაციაა. შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ ცენტრის დაპროექტებას თბილისის მერია უზრუნველყოფს. სარეაბილიტაციო ცენტრის დაფინანსების მთავარი წყარო კი - ნარკომომხმარებლების მიერ გადახდილი ჯარიმები იქნება.
2012 წელს სახელმწიფო აქტიურ ანტინარკოტიკულ კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება. ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართულია საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, პროკურატურა, თბილისისა და სხავ რეგიონალური თვითმმართველობები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს.
თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით, თბილისის მერია ბაზალეთის სარეაბილიტაციო ცენტრის დაპროექტებაზე უზრუნველყოფს. საქართველოს პარლამენტში მუშავდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ნარკომომხმარებლების მიერ გადახდილი ჯარიმების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის მიმართვას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე განიხილეს რომ, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, გატარებული რეფორმების შედეგად, ნარკოდანაშაულის რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. გასულ წელს 2010 წელთან შედარებით 32% - ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული, 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი ნარკოდანაშაულის კლება 53, 1% აღწევს.
ნარკომომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფების ანალიზიდან ირკვევა, რომ მცირდება ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა. გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიკას ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში.
მიუხედავად არსებული ვითარებისა, ნარკომანია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემადაც კი მიიჩნევს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული, როგორც სახელმწიფო ისე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები.