საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2013-2015 წლების სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო „რადისონში" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული შეხვედრა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ დაფინანსებული პროექტის „სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება და გაუმჯობესებული მომსახურება" ფარგლებში გაიმართა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2004 წლის ივნისში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. 2009 წელს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) პროექტის მხარდაჭერით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009-2011 წლების სტრატეგიული გეგმა შეიქმნა. დღეის მდგომარეობით, გეგმით გათვალისწინებული საკითხები დროზე ადრე პრაქტიკულად სრულად შესრულდა.
„სააგენტოს 2009-2011 წლების განმავლობაში სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გადმოეცა და დაევალა მიწის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული მრავალი ფუნქცია. შესაბამისად, საჭირო გახდა ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
2013-2015 წლების სტრატეგიული გეგმის საფუძველზე მოხდება მთელი რიგი ფუნქციების და სერვისების დანერგვა, არსებული პროცედურების გამარტივება . იგეგმება სამისამართო სისტემის მოწესრიგება საქართველოს დიდ ქალაქებში, გეოდეზია-კარტოგრაფიის სისტემის გაუმჯობსება, სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივება, მას. შეფასების სისტემის ამოქმედება, ქონების ელექტრონული ბირჟის სრულყოფა , მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, ინგლისურენოვანი ბიზნესრეესტრის შექმნა და სხვ" - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა.