ბიძინა ივანიშვილი სახალხო კრებისა და ქართული აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას არ ესწრებოდა "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე.
"26 მაისს თქვენი ქმედება იყო გმირობა. სამწუხაროა, რომ ამ გმირობისთვის და ქვეყნის სიყვარულისთვის ბევრი დაისაჯა მძიმედ. ვიცი, რომ არიან გარდაცვლილებიც. ეს არის ჩვენი მოძალადე ხელისუფლების ბრალი. ჩვენი გუნდია საქართველო და არ არსებობს სხვა გუნდები. გუნდურობით თუ წავალთ, ვერ გავაკეთებთ, რაც გვინდა. ჩემი თავისთვის მოვედი პოლიტიკაში, რადგან ჩემია ეს სამშობლო. სხვაგან არ დავდგებოდი და არ გავწირავდი თავს. ასევე ხართ თქვენც. თქვენი რომ არის ეს სამშობლო, იმიტომ გინდათ, რომ მისთვის თავი გაწიროთ. საკუთარი ინტერესების გულისთვის იბრძვის ადამიანი პირველ რიგში, და "მე"-დან და "ჩემი"-დან მოდის ყველაფერი, მაგრამ ნიჭიერმა ადამიანმა კონკრეტულ სიტუაციაში უნდა მოახერხოს და გააკეთოს სწორი პრიორიტეტები, არ უნდა დარჩე პატარა ბავშვივით - "ჩემი" და "მე". აი, ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს. არ არის აუცილებელი, მიიღო მონაწილეობა, თუ შენ შენი მონაწილეობით კი არ ეხმარები, აზიანებ. ასეთ შემთხვევაში, უნდა დაიჭირო ისეთი პოზიცია, რომ საერთო საქმეს თუ ვერ მოეხმარები, არ დააზიანო მაინც", - მიმართა შეხვედრის მონაწილეებს ივანიშვილმა.
შეხვედრას ეწრებოდნენ ქართული აკადემიის ლიდერი ნუკრი ქანთარია სხვა წევრებთან ერთად. სახალხო კრების მხრიდან - გოგი ქავთარაძე, ნონა გაფრინდაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, რეზო ესაძე, ელდარ კურტანიძე.