"ქართული ოცნება" ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, როგორც კოალიცია "ქართული ოცნების", ისე საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგად ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსი გიორგი ხარშილაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
"ხაშურის პოლიციის სამმართველოში, სავარაუდოდ, მოკლულ სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" პირველივე დღიდან მწვავე პროტესტი გამოთქვა, კოალიციის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, ხელისუფლებას მოსთხოვა გამოძიების დასრულებამდე პოლიციის უფროსის გათავისუფლება და ყველა დამნაშავე პირის დასჯა. პოლიციამ უკან დაიხია. ასეთი რამ ასე სწრაფად პირველად მოხდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამართლიანობის აღდგენას და დაცვას გაცილებით მეტი სჭირდება. ამიტომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვპირდებით ყველას, რომ ამ და ყველა ასეთ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და კონკრეტული დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის წინაშე", - აღნიშნულია განცხადებაში.
ხაშურის პოლიციის უფროსი გიორგი ხარშილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. "2012 წლის 27 თებერვალს ხაშურის პოლიციის შენობაში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ხაშურის პოლიციის უფროსის გიორგი ხარშილაძის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პოლიციის შენობაში არ მოხდა უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.