საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნინო ბურჯანაძის მძღოლის მიმართ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ბესიკ ტაბატაძემ განაცხადა. ტაბატაძის თქმით, შაქრო ზურაშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
"გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული საქმე ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია შარშანდელი წლის 26 მაისის სისხლიან დარბევასთან დაკავშირებული იმ ბინძური ცილისმწამებლური კამპანიისა, რომელსაც საქართველოში არსებული ანტისახალხო რეჟიმი დღემდე აგრძელებს. აღნიშნული მოვლენების შედეგად მივიღეთ ადამიანთა მსხვერპლი და 42 ახალი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში. ისინი დღემდე, შეთითხნილი აბსურდული ბრალდებებით, რომელთა ავტორებიცა და მოწმეებიც მხოლოდ პოლიციელები არიან, სრულიად უსამართლოდ იხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც არც ჩაუდენიათ და დღემდე არც აღიარებენ ბრალს. მაგალითისთვის, შაქრო ზურაშვილის გარდა, გია სალუქვაძის, ზვიად ბერაძისა და ზურაბ ხუციშვილის საქმეებიცაა საკმარისი, რომლებშიც მათი საზოგადოებიდან იზოლირების პირადი ინტერესები აშკარადაა გამოკვეთილი. ე.წ.-მა "რეფორმირებულმა" ქართულმა სასამართლომ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისთვისა და თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის, პატრიოტი ადამიანები ათეულობით წლების განმავლობაში ციხეებში ყოფნისთვის გასწირა", - განაცხადა ტაბატაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულება შაქრო ზურაშვილის უდანაშაულობის შესახებ, კერძოდ, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც გამოირიცხა ნინო ბურჯანაძის კორტეჟის მანქანების ვინმესთან ან რამესთან შეჯახება.
"აქედან გამომდინარე ნათელია, რომ შაქრო ზურაშვილი და დანარჩენი მძღოლები აბსოლუტურად უდანაშაულონი არიან და უსამართლოდ იხდიან უკანონოდ გამოტანილ სასჯელს", - აღნიშნა ტაბატაძემ.