უბილეთო მგზავრებს საჯარიმო ქვითარს ელექტრონული ფორმითაც გამოუწერენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".
დღემდე კანონში საჯარო ქვითრის გამოწერის მექანიზმები არ იყო განსაზღვრული, ხოლო კანონპროექტით დგინდება, რომ საჯარიმო ქვითარი ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით უნდა გამოიწეროს.
ვალდებულება შესაბამის პირებს იმ მგზავრების მიმართ ექნებათ, რომლებიც უბილეთოდ ავტობუსით ან მიკროავტობუსით მგზავრობენ, ასევე იმ მგზავრთა მიმართ, რომელთაც აღნიშნული ტრანსპორტით ათიდან თექვსმეტ წლამდე ბავშვები უბილეთოდ გადაჰყავთ. ბურთულიანი კალმით ან ელექტრონული ფორმით უნდა გამოუწერონ ჯარიმები იმ პირებსაც, რომლებიც ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე ახორციელებენ.
ცვლილება ეხება იმ მძღოლებსაც, რომლებიც დადგენილი მოძრაობის მარშრუტს დაარღვევენ.