ტრანსპლანტოლოგიის სფეროში საქართველომ, შესაძლოა, ბელარუსის საკანონმდებლო გამოცდილება გაიზიაროს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრ ვასილ ჟარკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
წერეთლის განმარტებით, ბელარუსში ორგანოების ტრანსპლანტაციისა და დონორებთან მიმართებაში საკანონმდებლო ბაზა დახვეწილია და მათ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ.
"ბელარუსში გარდაცვალების შემდეგ პირი ავტომატურად დონორი ხდება, თუ მას სიცოცხლეში არა აქვს ოფიციალურად გაცხადებული, რომ მისი ორგანოების გამოყენების წინააღმდეგია. ეს მიმართულება ჩვენთან დარეგულირებული არ არის და ამ კუთხით მათი დახმარებით კანონმდებლობის დახვეწას არ გამოვრიცხავ", - აღნიშნა წერეთელმა და დასძინა, რომ სამომავლოდ ბელარუსის მხარესთან თანამშრომლობა ონკოლოგიური მიმართულებითაც იგეგმება.
ვიცე-სპიკერის თქმით, სამომავლოდ, შესაძლოა, საქართველოში შეიქმნას სასწავლო ცენტრები, რომლებში ქართველ სპეციალისტებს ბელარუსი სპეციალისტები გადაამზადებენ.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრას ბელორუსის ჯანდაცვის მინისტრთან, გიგი წერეთელთან ერთად, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძეც ესწრებოდა.