თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, საჯარო სკოლის ეზოში საქვაბის შენობის ჩამონგრევის შედეგად მერვე კლასის მოსწავლე ბადრი ყველაიძე დაიღუპა. მეათე კლასელი გიორგი თანდილაშვილი კი დაშავებულია. ის კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
„დაშავებული საავადმყოფოში ბარძაყის ძვლის მოტეხილობით შემოიყვანეს. ცუდი მოტეხილობა აქვს, ძვალი აქვს ჩამსხვრეული. კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადა გამოვიძახეთ და ის თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა ალექსანდრე საჩიშვილმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თელავის პოლიცია იძიებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი უბედური შემთხვევის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას რამდენიმე წუთში გაავრცელებს.