დღეს, 5 მარტს, 10:00 საათზე, აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე გახსნიან პირველ კონფერენციას, სახელწოდებით "ქალები პოლიციის სამსახურში".
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, კონფერენციის მხარდამჭერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო, ხოლო ორგანიზატორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.
კონფერენციის მიზანია ქართველი სამართალდამცველი ქალების უნარჩვევების ამაღლება, რათა ისინი გასცდნენ ქალის ტრადიციულ როლს და გახდნენ ლიდერები, მენტორები და შსს-ის საუკეთესო კადრები. კონფერენცია გაიმართება 2012 წლის 5-7 მარტს სასტუმრო "რადისონში". კონფერენციას დაესწრება დაახლოებით 150 პოლიციელი ქალი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან.
გამომსვლელებს შორის იქნება 4 პოლიციის მაღალჩინოსანი ქალი ატლანტიდან (ჯორჯიის შტატი) და სიეტლიდან (ვაშინგტონის შტატი). ისინი ისაუბრებენ წარმატების სტრატეგიაზე, ოჯახური და სექსუალური ძალადობის გამოძიებაზე, ხელმძღვანელ ქალებზე და სამსახურში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.