2012 წლის 5 მარტიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის, ბრძანებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გახდა.
გიორგი კეკელიძე დაიბადა 1984 წელს ქალაქ ოზურგეთში. 2001-2009 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2010 წლიდან გიორგი კეკელიძე არის დოქტორანტი საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს კლასიკური ლიტერატურის თემაზე.
ფართო საზოგადოებისთვის გიორგი კეკელიძე ცნობილია მისი ლიტერატურის სფეროში მოღვაწეობისა და მიღწეული წარმატებების გამო. 2006 წელს მან დააფუძნა პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge და ლიტერატურული ჟურნალი ლ'ილი. 2008 წელს გიორგი კეკელიძემ გამოსცა პოეტური კრებული „ოდები", რომლელმაც 2009 წელს მიიღო ლიტარატურული პრემია „საბა" წლის საუკეთესო დებიუტისთვის. 2009 წელსვე გიორგი კეკელიძემ მიიღო ბარათაშვილის პრემია. 2010 წელს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ვერსიით გახდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში. 2010 წელსვე გიორგი კეკელიძე გახდა წლის ადამიანი ჟურნალ „ცხელი შოკოლადის" ვერსიით, ხოლო ჟურნალ „ტაბულას" ვებ-გამოკითხვის შედეგად lib.ge-ის ჯგუფთან ერთად მიიღო მესამე ადგილი ნომინაციაში „წლის ადამიანი".
ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი აქტიურად მოღვაწეობს მასმედიისა და ჟურნალისტიკის სფეროში. სხვადასხვა დროს გიორგი კეკელიძე იყო ჟურნალ „ფოკუსის" მესვეტე, „რადიო - ქალაქის" ლიტერატურული გადაცემის „ლიტერატურული ქალაქის" ავტორი და წამყვანი, ჟურნალ „ტაბულას" ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე, გადაცემა „წითელი ზონის" პროდიუსერი, ჟურნალ „ტაბულა არტის" ლიტერატურული განყოფილების რედაქტორი, რადიო „მწვანე ტალღაზე" გადაცემის „ლიტერატურა და სხვა" ავტორი და წამყვანი, ტელე-გადაცემა „ინტერპრეტაციის" ავტორი და წამყვანი.
გიორგი კეკელიძის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, გერმანულსა და აზერბაიჯანულ ენებზე.