რუსეთის ცესკოს მონაცემებით, 10:00 საათის მდგომარეობით რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლების 12,2%-მა.
რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები 95 ათას საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. მათ შორის 385 უბანი გახსნილია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არჩევნებს თვალყურს ადევნებენ ეუთოს, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის, დსთ-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარომადგენლები.
ხმის მიცემის პროცესი მოსკოვის დროით 21:00 საათზე დასრულდება.
ამომრჩევლეთა სიაში შეყვანილია 108 მილიონზე მეტი ამომრჩეველი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის სავარძლისათვის იბრძვიან: რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.
რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია 2011 წლის 26 ნოემბერს დაიწყო.
არჩევნების საბოლოო შედეგი კანონის მიხედვით 14 მარტამდე უნდა გახდეს ცნობილი 17 მარტამდე კი ეს შედეგები ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს. 4 მარტს არჩეული პრეზიდენტი თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად 7 მაისს შეუდგება.