რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება ავტომატურად, როგორც კი მოსკოვი ხელახლა აღიარებს საქართველოს სუვერენულ საზღვრებს , - ამის შესახებ საქარველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაზიანის პოლიგონზე განაცხადა, სადაც ქართული ზალპური საარტილერიო სისტემის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, თუ რუსეთი მზად არის აღადგინონ ურთიერთობა, მათ უნდა განახორციელონ ის, რაც ამისთვის არის საჭირო.
"ქართული მხარე ყოველთვის მზად არის რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აწარმოოს დიალოგი ურთიერთობების სრულმასშტაბიან დარეგულირებაზე, რომელიც დაეფუძნება საქართველოს დეოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და იმ ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქის სახლებში დაბრუნებას, რომლებიც ვერ ბრუნდებიან რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად", - განაცხადა პეზიდეტნმა და აღნიშა, რომ საქართველოს მზადაა ყველაფრის უკან დასაბრუნებლად ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება რუსეთის მთავრობაში. ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ვის გამოაცხადებენ რუსეთის პრეზიდენტად.
"ჩვენ ყველასთან მზად ვართ, ვინც იქნება რეალურად რუსეთის მმართველი, ვისაუბროთ ამ თემებზე. ეს არის კონკრეტული თემები და ეს თემები არ შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა თემებით. რუსეთის ცალკეულ მთავრობას მიაჩნია და საქართველოშიც არიან ასეთი ელემენტები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ოკუპაციაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ელემენტები საქართველოში წარმოადგენენ მარგინალურ უმცირესობას, ისინი არ წარმოადგენენ ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ისინი ყოველთვის იქნებიან უმცირესობაში თავისი პოზიციებით", _ განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლას, პრეზიდენტის განცხადებით, ქართულმა მხარემ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად შემოიღო იმისთვის, რომ რუსეთში ქართული წარმოშობის უამრავი რუსეთის მოქალაქეა. სააკაშვილის თქმით, რუსეთში ცხოვრობს ასობით ათასი ქართველი დევნილი, რომელთაც გამარტივებული რეჟიმი საქართველოში ჩამოსვლას გაუადვილებს.
"ჩვენ ეს გავაკეთეთ ასევე რუსული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ჩამოსვლით, საქართველოში ტურიზმით და ინვესტირებით, საქართველოში თავისი მეგობრების, ახლობლების ნახვით და ეს არის ჩვენი მხრიდან უბრალოდ, ჩვენი საზოგადოების გახსნილობის, ჩვენი საზოგადოების სიმტკიცის, ჩვენი უსაფრთხოების გამოხატულების ძალიან მკვეთრი, ნათელი დადასტურება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს. მისი თქმით, რუსეთი მზად არის ორმხრივ საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შემოიღოს. "ამისათვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ დააკმაყოფილოს სამართლებრივი პირობები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში ჩამსვლელი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოს საგარეო უწყებამ უპასუხა, რომ საქართველო მზადაა რუსეთის მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგის შემდეგ დაიწყოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი.
"ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საუბარი, განვაახლოთ დიალოგი, როგორც კი რუსეთის ხელისუფლება დაგვანახებს, რომ იგი მართლაც მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები და დაგვანახებს, რომ მის მიერ გაცხადებული ინიციატივა რეალურად გულწრფელ საფუძვლებს ეყრდნობა. "დაიწყებს დეოკუპაციის პროცესს და გაიყვანს რუსეთის ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან და უკუაგდებს მის მიერ უკანონოდ მიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების აღიარებისა", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილმემ ნინო კალანდაძემ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კალანდაძემ აღნიშნა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ნებისმიერი სახის დიალოგი შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ფარგლებში.