"მე 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე მივალ და ვლადიმერ პუტინს მივცემ ხმას", ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მიეძღვნა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ანვაბმა ასევე მოუწოდა აფხაზეთში მაცხოვრებელ რუსეთის მოქალაქეებს ვლადიმერ პუტინს მისცენ ხმა. ანქვაბი ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთი დაინტერესებული იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი სწორედ ვლადიმერ პუტინი გახდეს.
"იმისი აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს, რომ აფხაზ ამომრჩევლებს ვუთხრათ, თუ რა როლი აკისრიათ აფხაზეთის უახლოეს ისტორიაში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსა და პრემიერ ვლადიმერ პუტინს. ჩვენი აღიარება ამ პოლიტიკური ფიგურების უზარმაზარი შრომის შედეგია", _ აცხადებს ანქვაბი.