"მე ყოველთვის ვიყავი საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგნის მომხრე. იქნება ეს ეკონომიკური სავაჭრო კულტურული თუ სატრანსპორტო ურთიერთობები. საქართველო ჩვენი უახლოესი მეზობელია, რომელიც კულტურულად და ისტორიულად ყველაზე ახლოს დგას ჩვენთან", _ აცხადებს რუსეთის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ რიჟკოვი.
მისივე თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არქონა და მტრული დამოკიდებულება ასეთ ორ ქვეყანას შორის დაუშვებელია.
"ძალიან გამიხარდა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისროს განცხადებას გავეცანი. ვფიქრობ ახლა მთავარია სწრაფად გადადგან შემხვედრი ნაბიჯები", _ აცხადებს რიჟკოვი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს. მისი თქმით, რუსეთი მზად არის ორმხრივ საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შემოიღოს. "ამისათვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ დააკმაყოფილოს სამართლებრივი პირობები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში ჩამსვლელი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოს საგარეო უწყებამ უპასუხა, რომ საქართველო მზადაა რუსეთის მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგის შემდეგ დაიწყოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი.
"ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საუბარი, განვაახლოთ დიალოგი, როგორც კი რუსეთის ხელისუფლება დაგვანახებს, რომ იგი მართლაც მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები და დაგვანახებს, რომ მის მიერ გაცხადებული ინიციატივა რეალურად გულწრფელ საფუძვლებს ეყრდნობა. "დაიწყებს დეოკუპაციის პროცესს და გაიყვანს რუსეთის ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან და უკუაგდებს მის მიერ უკანონოდ მიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების აღიარებისა", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილმემ ნინო კალანდაძემ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კალანდაძემ აღნიშნა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ნებისმიერი სახის დიალოგი შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ფარგლებში.