ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებმაც დღეს ბრიუსელში სირიის საკითხებისადმი მიძღვნილი ორდღიანი სამიტი დაასრულეს, სირიის ნაციონალური საბჭო სირიელების "ლეგიტიმურ წარმომადგენლად" აღიარეს.
"ევროკავშირი მხარს უჭერს სირიის ოპოზიციას თავისუფლებისათვის, ღირსებისა და დემოკრატიისადმი ბრძოლაში, აღიარებს სირიის ნაციონალურ საბჭოს სირიელების ლეგიტიმურ წარმომადგენლად და მიუწოდებს სირიის ოპოზიციის ყველა წევრს გაერთიანდნენ ახალი სირიისათვის მშვიდობიან ბრძოლაში, სადაც ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანი იქნება", _ ნათქვამია სამიტის მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტში.
სამიტის მონაწილეები ასევე მიუწოდებენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, დათმოს ხელისუფლება და გზა გაუხსნას ქვეყანაში დემოკრატიულ წარმონაქმნებს.
ევროკავშირის ლიდერები ასევე მოუწოდებენ სირიის ხელისუფლებას, უზრუნველყონ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოება და ასევე დაუბრკოლებლად შეუშვან ქვეყანაში ჰუმანიტარული სააგენტოები.
შეგახსენებთ, რომ სირიაში დაპირიპირება 2011 წლის მარტში დაიწყო. იქ არსებული დაპირისპირების შედეგად ყოველდღიურად იღუპება ხალხი - როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. გაეროს მონაცემებით სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 7, 5 ათას ადამიანს გადააჭარბა. სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულია 2 ათასზე მეტი სამხედრო.