ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდაზე სააგენტოსა და მოსარგებლეს შორის შეთანხმება დაიდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტმა "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ კანონში" ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შემოღებულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდის თაობაზე შეთანხმების დადება, რომელიც პასუხისმგებელ პირსა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შორის დაიდება.
კანონში შეტანილი ცვლილებებით, შესაძლებელი ხდება პასუხისმგებელი პირის მიერ განცხადების შეტანის მომენტისთვის გადასახდელი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრა, შემცირება, ან/და მისი გადახდის გადავადება მთლიანად ან ნაწილობრივ, ასევე, შესაძლებელი იქნება გადასახდელის სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება.
ასევე, შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს მომავალ პერიოდებში გადასახდელი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრა, მისი გადახდის ვადის განსაზღვრა მთლიანად ან ნაწილობრივ, ასევე, გადავადება ან/და სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება.
შეთანხმების დადებისას, მოსაკრებლების გადახდის გადავადება თუ განწილვადება არა უმეტეს 3 წლით, წლიური 4% სარგებლით უნდა განხორციელდეს, ხოლო სამ წელზე მეტი ვადით - არანაკლებ წლიური 4%-ით.
შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირს დაეკისრება გადაუხდელი თანხის 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 პროცენტისა.
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შეთანხმების გასაჩივრება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შეეძლება უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა ვალდებული არ იქნება მისი უარი დაასაბუთოს.
შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს. მისი ბრძანებით, განისაზღვრება გადასახდელი თანხის ოდენობა, გადახდის ვადა და სარგებლის წლიური განაკვეთის ოდენობა.