თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ ყოფილი ლოგოპედიური სკოლის მოსწავლეების მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც ლოგოპედიური სკოლის დახურვით გამოწვეულ პრობლემებზე და გამოსავლის გზებზე ისაუბრეს.
ზაზა გაბუნიას თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც განათლების სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღო, საჭიროებს გადახედვას, რადგან ის ნაჩქარევი აღმოჩნდა და შედეგად დაზარალდა 144 აღსაზრდელი, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას და მხარდაჭერას საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან.
ზაზა გაბუნია: "144 მოსწავლიდან 8 ბავშვი 203-ე სკოლამ მიიღო, დანარჩენი 136 კი სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა, რაც საგანგაშო რამ არის, რადგან საკითხი ეხება ადამიანებს, რომელთა მიმართ განსაკუთრებულად ფაქიზი მოპყრობა და დამოკიდებულებაა საჭირო. ამიტომ, დიმიტრი შაშკინს ვთავაზობთ, რომ დანარჩენი 136 მოსწავლე გადანაწილდეს სკოლებში სადაც შეიქმნება პირობები სასწავლო პროცესის დაუბრკოლებლად წარმართვისთვის. ამისთვის არ არის საჭირო ძველ შენობაში დაბრუნდეს სკოლა, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია რომ ძველ, გამოცდილ და კვალიფიციურ პედაგოგებს მიეცეთ ამ ბავშვებთან მუშაობის განახლების შესაძლებლობა."
პრესკონფერენციაზე მყოფი მშობლები აცხადებენ, რომ მზად არიან გაწიონ ფინანსური თანამონაწილეობა იმისთვის, რომ მათ შვილებს ძველი პედაგოგები და შესაბამისი სასწავლო გეგმა შეუნარჩუნდეს.
ლოგოპედიური სკოლა ლაღიძის 7 ნომერში მდებარეობდა. აღნიშნული სტატუსი მას 2005 წელს ჩამოერთვა, თუმცა ის კვლავაც აგრძელებდა სპეციფიკური პროფილით საქმიანობას. საბოლოოდ კი ამა წლის 15 თებერვალს დაიხურა.