"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კონტროლის პალატისგან პოლიტიკური საჩუქრებზე რეაგირებას მოითხოვს. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაშია ნათვამი, გასული წლის ბოლოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება და დამატება შევიდა, მათ შორის, ერთ-ერთი საინტერესო საკითხი პოლიტიკური მიზნით საჩუქრების გადაცემას ეხება.
""მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-51 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აკრძალულია პარტიის მიერ ნებისმიერი პირის საშუალებით საჩუქრის გაცემა. ამასთანავე, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი (1641), რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით. არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რაც ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაითვლება. მაგალითად, სადღესასწაულოდ დასაშვებია მცირე ღირებულების საჩუქრების დარიგება წლის განმავლობაში 5 000 ლარის ფარგლებში. დეკემბრის ბოლოსა და იანვარში პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების (ან პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირების) მხრიდან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემის ბევრი ფაქტი გამოვლინდა. შესაბამისად, კანონი მოითხოვს, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ თითოეული შემთხვევა გამოიკვლიოს და კანონის ფარგლებში სათანადო რეაგირება მოახდინოს. ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტების ნაწილი 2012 წლის 12 იანვრამდე მოხდა (სისხლის სამართლის კოდექსში შესული ზემოთ ნახსენები ცვლილებები სწორედ ამ დღეს ამოქმედდა). „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით, ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ გაცემული საჩუქრების საერთო ღირებულება 5000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია მოიცავს, როგორც 12 იანვრამდე, ისე 12 იანვრის შემდეგ მომხდარ ქმედებებს. შესაბამისად, შესაძლოა სახეზე გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაული და ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიაჩნია, ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებმა არაერთხელ დაარღვიეს კანონი და საქართველოს კონტროლის პალატამ რეაგირება უნდა მოუხდენოს.
"ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სავარაუდო დარღვევის ფაქტზე ჩვენ მივმართეთ (2012 წლის 7 თებერვალი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; 13 თებერვალი - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; 16 თებერვალი - თავისუფალი დემოკრატები) კონტროლის პალატას, მაგრამ არც ერთ ფაქტს დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია", - ნათვამია განცხადებაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მოყავს კონკრეტული ფაქტები პოლიტიკური საჩუქრების გადაცემის შესახებ, რომლის შესახებაც ინფორმაციის ნახვა ორგანიზაციის ვებგვერდზეა შესაძლებელი.