პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებულ სოლომონ ქიმერიძის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტის ბოლომდე გამოძიებისა და პასუხისმგებელთა დასჯისკენ მოუწოდებს.
როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, მასმედიაში გავრცელებულ ფოტოებზე დაღუპულს სასტიკი ცემის კვალი ეტყობა, რაც შსს-ს ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. "ხელისუფლება მრავალი წელია იმით ტრაბახობს, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც პატიმრები პოლიციის შენობიდან ცვიოდნენ და ამას თავის უმთავრეს დამსახურებად მიიწერს. ასე იყო გუშინაც, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კიდევ ერთხელ სიამაყით განაცხადა, რომ ახლა პატიმრები შსს-ს ფანჯრებიდან აღარ ვარდებიან. სწორედ ამ დროს, სოციალურ ქსელებში დაღუპული სოლომონ ქიმერიძის შემზარავი კადრები ვრცელდებოდა, შსს-ს პრესსამსახური კი ოფიციალურად აცხადებდა, რომ ბრალდებული პოლიციის შენობის კიბიდან გადმოვარდა", - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".
კოალიციის წევრების აზრით, ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს, ასეთ საეჭვო ვითარებაში პატიმრის დაღუპვას შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოჰყვებოდა.
"კოალიცია "ქართული ოცნება" კატეგორიულად ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ბოლომდე გამოიძიონ ეს საქმე და პასუხი აგოს ყველა დამნაშავე პირმა. გამოძიების დასრულებამდე კი, ხაშურის პოლიციის რაიონის სამმართველოს უფროსი გადააყენონ დაკავებული თანამდებობიდან",- აღნიშნავენ კოალიციაში.
სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ დღეს განცხადება გაავრცელა. შსს-ს ცნობით, ხაშურის რაიონულ სამმართველოში, 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული სოლომონ ქიმერიძე.
"დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.