საქართველოს პრეზიდენტის ინიციატიავას რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ "როიტერი" ეხმიანება. "როიტერის" ჟურნალისტი საუბრობს პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომ საქართველო გააუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა ინვესტიციის მოცულობა გაიზარდოს.
"ეს კეთილი ნების იშვიათი გამოხატულება იყო ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის, რომლებიც 2008 წელს ერთმანეთს ომში დაუპირისპირდნენ", - წერს "როიტერის" ჟურნალისტი მარგარიტა ანთიძე სტატიაში "საქართველო აუქმებს ვიზებს რუსეთის მოქალაქეებისთვის", რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, კრემლი უარს აცხადებს სააკაშვილთან რაიმე ტიპის კონტაქტზე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დამანგრეველი ძალით უპასუხა შეერთებული შტატების მიერ გაწვრთვნილი საქართველოს არმიის შეტევას რუსეთის მხარდაჭერილ აჯანყებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონზე 2008 წლის აგვისტოში.
"მაგრამ სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდა, განაცხადა, რომ თბილისს სურს სავიზო რეჟიმის გაუქმება, რაც რუსი ბიზნესმენებისა და ტურისტებისთვის იმის სიგნალი იქნება, რომ საქართველო სიამოვნებით უმასპინძლებს მათ", - აღნიშნულია სტატიაში.
"ჩვენ გვინდა მივცეთ შანსი მშვიდობას და რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით გამოვდივართ", - განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტში.
"დაე, იცოდეს ყველა რუსმა ბიზნესმენმა, რომ საქართველო მათთვის ყველა სხვა ქვეყანაზე უფრო მიმზიდველია", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს მისწრაფება ნატოს სამხედრო ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მტკიცედ უცვლელია.
"სააკაშვილის თქმით, საქართველოს გადაწყვეტილება, არ დაებლოკა რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ცხადყოფს თბილისის სურვილს - გააუმჯობესოს კავშირები მის ყოფილ იმპერიულ მმართველთან. თუმცა პუტინის მოსალოდნელ გამარჯვებას 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში, საეჭვოა, საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება მოჰყვეს. საქართველოს $15-მილიარდიანი ეკონომიკის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა არიან. რუსეთის $2.1-ტრილიონიანი ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია", - ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინიციატივის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.