რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციას სამხედრო ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმარების სისტემა ნახევარ საუკუნეზე უნდა ჰქონდეს გათვლილი. ეს განცხადება მან მოსკოვში პოლიტოლოგებთან და თავის ნდობით აღჭურვილ პირებთან შეხვედრისას გააკეთა.
"უნდა შევქმნათ სამხედრო ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმარების სისტემა, რომელიც 30 -50 წელიწადზე იქნება გათვლილი", _ განაცხადა მან. მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება და ამიტომაც რუსეთს თავისი წონიანი სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტები, საკუთარი უსაფრთხოებისა და თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს.
სწორედ ამიტომაც დავამტკიცეთ შეიარაღების ახალი სახელმწიფო პროგრამა. იგი საშუალებას მოგვცემს, უკვე 5-10 წელიწადში გამოვიყვანოთ ჩვენი შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად ახალ ხარისხობრივ დონეზე", _ აცხადებს პუტინი და აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს არასაკმარისია და სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას სამხედრო ანალიზის სისტემა. "იმისათვის, რათა მოვამზადოთ რუსეთის შეიარაღებული ძალები ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეზე რეაგირებისათვის", _ დასძენს პუტინი.