რუსთაველის გამზირზე ყოფილ "კადეტთა კორპუსის" შენობაში "თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი" განთავსდა. შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, გამაგრდა საძირკველი და საყრდენი კედელი, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა თანამედროვე ვენტილაციის, განათებისა და გათბობის სისტემები. შენობა თუნუქით, ხოლო ღია საექსპოზიციო დარბაზი რკინის კონსტრუქციითა და მინით გადაიხურა.
3 000 კვ. მეტრის ფართობის საგამოფენო ცენტრში საგამოფენო დარბაზები, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი, საბავშვო სტუდია, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, არტ-სალონი და კაფე განთავსდება.
ახალი საგამოფენო ცენტრი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ზურაბ წერეთელმა გახსნა.
შენობის ეზო კეთილმოეწყო და გამწვანდა. ეზოში დაიდგა ზურაბ წერეთლის ქანდაკება "ადამის ვაშლი". ნაწარმოები გვევლინება ავტორისეულ გამეორებად ცნობილი სივრცული ობიექტისა, რომელიც დაცულია მოსკოვში, რუსეთის სამხატვრო აკადემიის სამუზეუმო-საგამოფენო კომპლექსში. ეს გახლავთ ბრინჯაოს 145 ჰორელიეფით ერთ კომპოზიციად შეკრული ცხრამეტრიანი დიამეტრის სიმაღლის უნიკალური საინჟინრო კონსტრუქცია, რომელიც განათდება და "თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის" ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა იქნება.
"თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში" 20 ადამიანია დასაქმებული.
სამუზეუმო კომპლექსი საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის, საფრანგეთისა და ესპანეთის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრის ზურაბ წერეთლის პირველი პერსონალური გამოფენით გაიხსნება. ექსპოზიცია მხატვრის შემოქმედებითი გზის ყველა ჟანრსა და ეტაპს მოიცავს.
ექსპოზიციაში შესულია ზურაბ წერეთლის მიერ ბრაზილიაში, საფრანგეთში, საქართველოში, რუსეთსა და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში შექმნილი ნაწარმოებები. ისინი მეტწილად გამოიფინებოდა მხატვრის პერსონალურ გამოფენებზე პარიზსა(2010) და რომში, პალერმოსა და ანკონაში (2011).
გამოფენის საგანგებო ფოტოგანყოფილება ეძღვნება ზურაბ წერეთლის ცხოვრების ისტორიას, ჩვეულებრივ და ცნობილ ადამიანებთან შეხვედრების, ოჯახურ წრესა თუ კოლეგებთან, ხელოვნების, მეცნიერების, კულტურისა თუ პოლიტიკის გამოჩენილ მოღვაწეებთან ურთიერთობის მონაკვეთები.
გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრისა და განსხვავებული ტექნიკით შესრულებული 300-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში; გამოფენილია ასევე 250 ფოტო.