რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე კოსაჩოვი აცხადებს, რომ მას არ სჯერა იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განაცხადი იმის შესახებ, რომ იგი მზადაა რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმოს, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
კოსაჩოვი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს პროპაგანდისტულ აქციად მიიჩნევს.
"ეს ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული აქციაა, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ შეიქმნას შთაბეჭდილება იმისა, თითქოს სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთთან მიმარეთებაში - ეს არის პოლიტიკა რუსეთის ხელისუფლების მიმართ და არა რუსეთის მოქალაქეების მიმართ", _ აცხადებს კოსაჩოვი და იმასაც აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე კონფლიქტის დროს "სწორედ რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხის წინაშე იყო დაყენებული".
კოსაჩოვი აცხადებს, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთოერთობების ნორმალიზაცია გარკვეული სახის ზომებზე, არც სავიზო ან სავაჭრო რეჟიმების გაუქმებაზე არ არის დამოკიდებული.
"იმისთვის, რომ ჩვენ შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოში დაუშვა, უნდა შეწყვიტოს ჩვენი საერთო საბჭოური ისტორიის გაყალბება, რომელიც რუსეთის ყველა მოქალაქისთვის - და იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მოქალაქისთვის - წმინდათაწმინდას, დიდ სამამულო ომს ეხება და ასევე უნდა გააფორმოს იურიდიულად სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან", _ აცხადებს კოსაჩოვი.
მისი თქმით, ვიდრე ეს არ მოხდება, ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზება, რომელიც ასე უნდა რუსულ მხარეს, არ მოხერხდება.