საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ მიმართულია მშვიდობისკენ. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა გააკეთა.
"საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტში გაჟღერდა ინიაციტივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ. ეს არის ძალიან სერიოზული, კონსტრუქციული ნაბიჯი, რომელიც მიმართულია მშვიდობისკენ და არა რაიმე სახით რაიმეს პროვოცირებისკენ. ეს ინიციატივა მიმართულია რუსეთის მოქალაქეებისადმი და არა რუსეთის მთავრობაზე ზემოქმედებაზე. ჩვენ ამ მხრივ გვსურს, რომ რუსეთის ჩვეულებრივ ადამიანებს და ბიზნესის წარმომადგენლებს დავანახოთ, რომ საქართველოს კარი, დემოკრატიული სახელმწიფოს კარი მათთვის არის ღია ისევე როგორც, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით გუშინ, ყოველწლიური მოხსენებისას გამოვიდა.