პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პრეზიდენტის პარლამენტში გაჟღერებულ ინიციატივებს დადებითად აფასებს. როგორც მტავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა აღნიშნა, დაპირებისამებრ საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით იზრდება და გაწერილი გეგმის თანახმად, ეს ზრდა უფრო მაღალია.
„მეც მინდა ხაზი გავუსვა, იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს. პირველ რიგში სოფლის მეურნეობა - ჩვენ დაგპირდით, რომ 2015 წლამდე გავაორმაგებდით სოფლის მეურნეობის გამოშვებას და წლევანდელი წლის შედეგი უკვე არის 35 %-იანი ზრდა. რაც შეეხება ჯანდაცვას - ჩვენი დაპირება იყო 100 სავადმყოფო, რეალიურად კი დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს 90 ჯანდაცვის ობიექტი, რომელიც უკვე გაიხსნება. იმავდროულად ამ რაოდენობას წელს დაემატება 40 საავადმყოფო და ჯამში, 2012 წლის ბოლომდე, 130 საავადმყოფო გვექნება გახსნილი"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კარგი ვითარებაა ასევე ენერგეტიკის მიმართულებითაც, სადაც 2015 წლის ბოლომდე გეგმა გადაჭარბებით იქნება შესრულებული.
„ენერგეტიკას რაც შეეხება, 2015 წლამდე 10 ახალი ჰესის ამოქმედებას ვიყავით შეპირებული და დღეს უკვე დაწყებულია 15 ახალი ჰესის მშენებლობა და 10 ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყება 2012 წლის განმავლობაში..
რაც შეეხება გაზიფიცირებას ჩვენი პირობა, 2015 წლამდე იყო მოსახლეობის 70 %-ის გაზიფიცირება და დღევანდელი დღის მონაცემებით უკვე გაზიფიცირებულია მოსახლეობის 55 %-ი. წელს 90 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. და შესაბამისად 2012 წლის ბოლოს მონაცემები 55 %-დან უკვე 65 %-მდე გაიზრდება"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლებას ყველა მიმართულებით საგრძნობი პროგრესი აქვს.
„თუმცა ეს არ არის იმის საფუძველი, რომ თვითკმაყოფილ;ებას მივეცეთ, რადგანაც ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, თუნდაც ჯანდაცვაში. მოსაწესრიგებელია ის თამაშის წესები, რომელიც განსასაზღვრია სადაზღვეო კომპანიებსა და საავადმყოფოებს შორის. ბევრი რამეა ასევე მოსაწესრიგებელი სოფლის მეურნეობაში, თუნდაც მექანიზაციის თვალსაზრისით და ახალი ტრაქტორების ჩამოყვანის კუთხით"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.