საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ, სათანადოდ იქნება აღქმული ჩრდილოელი მეზობლების მხრიდან.
როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს ინიციატივა გაგრძელებაა იმ კეთიგანწყობილი ურთიერთობის, რომელიც საქართველოს ამოძრავებს თავის მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში.
"პრეზიდენტის მოხსენებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო რუსეთის მიმართ უზვიზო რეჟიმის აღდგენის საკითხი. მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე სწორედ საქართველო რუსეთს შორის იყო უვიზო მიმოსვლა და სავიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს ინიციატივით არ მომხდარა. მიუხედავად რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიისა და მათ მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისა, ჩვენ ვმიჯნავთ რუსეთის მოსახლეობას კრემლის პოლიტიკისგან და ეს არის გაგრძელება ჩვენი მიდგომისა საზოგადოდ იმ ღიაობის და მეზობლებთან კეათილგანწყობილი ურთიერთობის, როგორიც ჩვენ გაგვაჩნია ყველა მეზობელთან მიმართებაში. სამწუხაროდ რუსეთის მმართველობის პოლიტიკიდან გამომდინარე ჩრდილოელ მეზობლებთან მიმართებაში ეს ვერ ხდება. ამდენად სავსებით ლოგიკური და ბუნებრივია იმ რეჟიმზე დაბრუნება, რომელიც ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებობდა", - განაცხადა ჯალღანიამ.
მისი თქმით, სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების პროცესს დასჭირდება შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა და მომზადება.
"ინიციატივა არის აქტუალური, მნიშვნელოვანი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს კეთილი ნება და ნაბიჯი რუსი მოსახლეობის მიმართ, რომლებიც ამ ინიციატივის განხორციელების შემდეგ თავისუფლად შეძლებენ საქართველოში შემოსვლას, სათანდოდ იქნება აღქმული", - აღნიშნა ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოჭრა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას.